შინაარსზე გადასვლა

გუნდი (მუსიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუნდი (მრავალმნიშვნელოვანი).
გუნდი
გუნდის სიმღერა ორგანის აკომპანემენტით
გუნდის სიმღერა აკომპანემენტის გარეშე

გუნდი — მომღერალთა, მგალობელთა, მომღერალ-მოცეკვავეთა კოლექტივი. ძველ საქართველოში მგალობელ-მომღერალთა ან მგალობელ-მროკველთა ჯგუფს (სიტყვიდან „ძნა", კრებითობის აღსანიშნავად), მწყობრს ან დასს უწოდებდნენ.

საგუნდო ნაწარმოები სრულდება დამოუკიდებლად (ა კაპელა) ფორტეპიანოს (უმთავრესად) ან საკრავთა ანსამბლისა და ორკესტრის თანხლებით. საგუნდო ნაწარმოები შეიძლება იყოს დიდი ფორმის ��აწარმოებთა (ოპერა, ორატორია, ოპერეტა, კანტატა, მესა) ნაწილი, რომელიც გამონაკლისის სახით გვხვდება სიმფონიასა (პირველად ბეთჰოვენის „IX სიმფონიაში“) და ბალეტში.

ხმათა რაოდენობის მიხედვით გუნდი შეიძლება იყოს: ერთხმიანი და მრავალხმიანი, ხმათა შემადგენლობის მიხედვით — ერთგვაროვანი (ვაჟთა, ქალთა, ბავშვთა,...) და შერეული (ქალ-ვაჟთა,...). არსებობს ხალხური, თვითმოქმედი, მოყვარულთა, პროფესიული, აკადემიური გუნდები. მონაწილეთა რაოდენობა 12-დან 120-მდე მერყეობს. ზოგჯერ სახალხო დღესასწაულებზე რამდენიმე გუნდს აერთიანებენ და მომღერალთა რაოდენობა ხანდახან რამდენიმე ათასსაც აღწევს.

ქართული ხალხური სიმღერებისათვის დამახასიათებელია ერთგვაროვანი გუნდები: ვაჟთა 2-3, იშვიათად 4-ხმიანი და ქალთა 2, და იშვიათად, 3-ხმიანი. ფუნქციის მიხედვით სხვადასხვა სიმღერაში შემდეგი ხმები მონაწილეობს: მთქმელი-დამწყები, მოძახილი, კრინი, გამყივანი, კრიმანჭული, შემხმობარი („ნადურებში"), მაღალი ბანი, ბანი. სასულიერო საგალობელს ასრულებს 3-ხმიანი გუნდი — მთქმელი, მოძახილი, ბანი. წერილობითი ცნობებით, არსებობდა 5 და 6-ხმიანი გალობაც (მთქმელი, მოძახილი ანუ მაღალი ბანი, ბანი, დვრინი, ზილი, კრინი). ქართული ხალხური საგუნდო სიმღერა უპირატესად კაპელით სრულდება. ქართული პროფესიული მუსიკაში ეს სახე ნიკო სულხანიშვილის საგუნდო ნაწარმოებებით XX საუკუნის 10-იან წლებში დამკვიდრდა.

  • ჟორდანია მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938.
  • ჯამბაკურ-ორბელიანი ა., ივერიანელების გალობა, სიმღერა და ღიღინი, «ცისკარი», 1861, №1.